Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის პარლამენტზე კონტროლი დაიბრუნეს მადუროს მომხრეებმა


ვენესუელის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დეპუტატების მანდატების უმეტესობა მოიპოვეს კანდიდატებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ნიკოლას მადუროს, რომლის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბევრი სახელმწიფო.

ამის თაობაზე 7 დეკემბერს გამოაცხადა საარჩევნო კომისიამ. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და კენჭისყრას „თაღლითური“ უწოდეს.

ვენესუელის პარლამენტი, ნაციონალური ასამბლეა, ბოლო სახელმწიფო ინსტიტუტი იყო, რომელზეც მმართველი სოციალისტების კონტროლი არ ვრცელდებოდა. ახლა ის კვლავ გადადის მადუროს მომხრეების ხელში მიუხედავად ეკონომიკის ნგრევისა, აშშ-ის სანქციებისა, რაც ნავთობის ექსპორტს უშლის ხელს, და ქვეყნიდან დაახლოებით 5 მილიონი მოქალაქის წასვლისა. 2018 წლისთვის ვენესუელის მოსახლეობა 25 მილიონს შეადგენდა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ინდირა ალფონსოს თანახმად, მადუროს მხარდამჭერ კანდიდატებს ხმა მისცა ამომრჩევლების 68 პროცენტმა. აქტიურობა 31 პროცენტს უდრიდა.
ბევრი ვენესუელელი აჰყვა არჩევნების ბოიკოტისკენ მოწოდებას, რომლითაც მათ მიმართა ახლანდელი ასამბლეის თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა, ხუან გუაიდომ. მან საზოგადოებას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ 12 დეკემბრის გამოკითხვაში, რათა გამოხატონ აზრი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობისა და ახალი მთავრობის დანიშვნის შესახებ.
გუაიდო და მისი მომხრე საზღვარგარეთელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ნიკოლას მადუროს კაბინეტს არ შეუძლია ვენესუელაში სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა.

ოპოზიციამ 2015 წელს გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ მადუროს მომხრეებმა შექმნეს „ნაციონალური საკონსტიტუციო ასამბლეა“, რომელმაც გადაიბარა საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებათა ნაწილი, ხოლო მადურომ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.

აშშ და სხვა ათამდე, მათ შორის, სამხრეთ ამერიკის, ქვეყანა მადუროს არ მიიჩნევენ ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მხარს უჭერენ გუაიდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG