Accessibility links

logo-print logo-print

კოალიცია: პრობლემურია დადგენილების პროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს მოაწესრიგებს


"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეხმიანება 2020 წლის პირველ დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების პროექტს, რომელმაც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა მოაწესრიგოს. კოალიცია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული წესი ფორმალურად ვერ უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას, ასევე მნიშვნელოვნად შეზღუდავს საბჭოს წევრებს, აქტიურად იყვნენ ჩართულები გასაუბრების პროცესში და კანდიდატს დაუსვან შეკითხვები საკუთარი შეხედულებისამებრ.

"ამასთანავე, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დადგენილების პროექტი მოამზადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრმა, რომელიც თავად იღებს მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც კანდიდატი, რომელიც იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კანონით ევალება ჩამოშორდეს შერჩევის პროცესს, თავად ამზადებს იმ წესებს, რომელიც მოგვიანებით გამოყენებულ უნდა იქნეს მასთან, როგორც კანდიდატთან მიმართებაში.

კოალიცია წლებია გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში არსებული არაორდინარული ვითარების გამო, რაც გულისხმობს სისტემის მართვის ყველა ადმინისტრაციული ბერკეტის მოქცევას პირთა ვიწრო ჯგუფის ხელში, რომელიც გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა იღებს და ოფიციალური პროცედურები უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გასაფორმებლად გამოიყენება. აღნიშნული უკვე მრავალგზის დადასტურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ბოლო წლებში მიღებული საკადრო გადაწყვეტილებებით. შესაბამისად ვთვლით, რომ სასამართლო სისტემაში ყველანაირ რეგულაციურ ცვლილებებს კოსმეტიკური ხასიათი აქვთ და თვისობრივად ვერ ცვლიან სისტემაში არსებულ მდგომარეობას", - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში, რომელშიც მოცემულია რეკომენდაციები იმისთვის, რომ დადგენილების პროექტში არსებული ხარვეზები გამოსწორდეს.

ამ რეკომენდაციებს შორისაა მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების საჯაროობის უზრუნველყოფა პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით; ასევე გასაუბრების დროის ხანგრძლივობის შეზღუდვის მოხსნა; საბჭოს წევრის თავისუფლების დაცვა, დაუსვას შეკითხვა კანდიდატს მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და კითხვის შინაარსი არ მოექცეს მხოლოდ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 341-ე მუხლის ჩარჩოებში.

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასახოს წარდგენილი რეკომენდაციები დადგენილების პროექტში, "რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის პროცესი, რომელიც გაზრდის საზოგადოების ნდობას როგორც თავად პროცესის, ისე შერჩეული კანდიდატების მიმართ".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი 2 დეკემბერს აღნიშნავდა, რომ დადგენილების პროექტი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა მოაწესრიგოს, მომზადებულია იუსტიციის საბჭოს წევრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ, რომელიც თავადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურას. გვრიტიშვილი ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს იყო ე.წ. 10-კაციან სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა პარლამენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG