Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ქურდების ნაწილი უკრაინის ხელისუფლებაში დარჩა


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მძარცველები ისევ დაუსჯელები არიან.

სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სამი წლის წინ აზღვევინეს ის, რომ უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს ქურდი უწოდა, შემდეგ კი ბევრი უკრაინელის, მათ შორის უკრაინელების უფლებების მასთან ერთად დამცველების ბრძოლის შედეგად, პოროშენკო ზელენსკით შეიცვალა: „დარწმუნებული ვარ, რომ არ შევმცდარვარ. მაგრამ ყველა ქურდი, რომელიც მანამდე ძარცვავდა, ისევ დაუსჯელია, ნაწილი კი ხელისუფლებაში რჩება“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახურავებზე სიარული არ უნდა, რადგან იქ არ მოეწონა, მაგრამ იბრძოლებს, სანამ უკრაინის ეკონომიკა არ გათავისუფლდება.

2017 წლის დეკემბერში, როცა კიევში მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის ბინის ჩხრეკა, ის სახლის სახურავზე ავიდა. იმ პერიოდში უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ ჩხრეკა უკავშირდებოდა სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციების შესაძლო დაფინანსებას ქვეყნიდან გაქცეული პოლიტიკოსების მხრიდან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 2015 წელს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისცა უკრაინის მოქალაქეობა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, თუმცა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჯერ თანამდებობიდან დაითხოვა, შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2019 წელს დაუბრუნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2020 წელს კი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვნელად დანიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG