Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე მოლაპარაკებებზე: ვფიქრობ, მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს


დავით ბაქრაძე, "ევროპული საქართველოს" ლიდერი
დავით ბაქრაძე, "ევროპული საქართველოს" ლიდერი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხებზე ცალკეული არასწორი ინტერპრეტაციების გავრცელება მთლიანად პროცესს აზიანებს და ამიტომ დადგა დრო, როცა ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს. როგორც მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყების წინ განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც იგი შეხვედრაზე დააყენებს, არის იმ რეჟიმის დასრულება, რომელიც გულისხმობდა შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების შინაარსზე საჯაროდ საუბრისგან თავის შეკავებას. ანუ იმას, რაც, დავით ბაქრაძის თქმით, ცალკეული ინფორმაციების არასწორად გამოჟონვას იწვევს.

„ჩვენი პოზიცია არის პრინციპული, ეს არ გახლავთ სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკება, ეს არის პოლიტიკური მოლაპარაკება და საზოგადოებას აქვს უფლება და ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებულები ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რაზე მიდის საუბარი, ვინ რაზე თანხმდება, ვინ რას სთავაზობს, ეს გახლავთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ამდენი ხანი ეს არ ხვდებოდა ჩვენი მეგობრების, ჩვენი პარტნიორების პოზიციის გათვალისწინებით. ვფიქრობთ, მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს. ამიტომ პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ამ საკითხს დღეს დავაყენებ მოლაპარაკებაზე და დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ უკვე დეტალურად მოგახსენებთ ვინ რაზე საუბრობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან შეხვედრის დაწყების წინ მან კომენტარი გააკეთა ასევე პარტიის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე და განაცხადა, რომ "ევროპული საქართველოს" პოზიცია მკაფიოა და იგი ორი საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება:

„ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნა უკავშირდება პოლიტპატიმრების გამოშვებას და რიგგარეშე არჩევნებს. ამიტომ ამ მოთხოვნების გარეშე მხოლოდ საარჩევნო ცვლილებებით ჩვენ ვერ და არ განვიხილავთ პოზიციის შეცვლას და პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არც სხვა ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში და ამით ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლაში არ დაეხმარებიან.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“" დაწერა, რომ ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი, 5-6 პირი, ბოიკოტის მიუხედავად, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

გუშინ, 7 დეკემბერს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკების მესამე რაუნდი. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდა.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG