Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს „ბანდა“ უწოდა, მისთვის შეჯიბრებაზე დასწრების აკრძალვის შემდეგ


ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) უწოდა "ბანდა" მას მერე, რაც კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტისთვის გაისად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების აკრძალვის თაობაზე, ბელარუსის ხელისუფლების მიერ დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის გამო აგვისტოს არჩევნების შემდეგ.

ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლუკაშენკაა, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოს უნდა მიმართოს. „მითხრან [IOC-ის პრეზიდენტმა ტომას] ბახმა და ბანდამ, რა გავაკეთე არასწორად, ის, რომ ჩემს ქვეყანას ვიცავ?“, - გაავრცელა BelTa-მ ლუკაშენკას მიერ 8 დეკემბერს გაკეთებული განცხადება.

ლუკაშენკას რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, აუკრძალოს ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს NOC-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე დასწრება. გავრცელდა ასევე ცნობა, რომ ბელარუსის ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუჩერდა. გადაწყვეტილება დროებითია და ის შეიცვლება ვითარების ცვლილების შესაბამისად. ადრე NOC-მა დაიწყო გამოძიება ბელარუსის ხელისუფლების მიმართ, რომელიც, კომიტეტის აზრით, სდევნის სპორტსმენებს.

აგვისტოში ათას ხუთასამდე სპორტსმენმა მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელშიც გამოთქმული იყო ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა და მისი ავტორები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, შეეჩერებინა ძალადობა საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. ამის შემდეგ არაერთი სპორტსმენი, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონები და წარმატებული ათლეტები, დაითხოვეს, დააკავეს და გაასამართლეს.

უშიშროების სამსახურებმა ბელარუსში სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში დააკავეს 27 ათასი ადამიანი, იტყობინება გაერო. გავრცელდა ასევე ცნობები საპატიმროებში სასტიკი მოპყრობის, წამების შესახებ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში ლუკაშენკამ გაიმარჯვა, მაგრამ ოპოზიცია, ასევე დასავლეთის ქვეყნები, მიიჩნევენ, რომ კენჭისყრა გაყალბდა და ლუკაშენკას პრეზიდენტობას არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG