Accessibility links

logo-print logo-print

სომხეთში ვადა გასდის პრემიერისთვის ოპოზიციის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს


ერევანი, 8 დეკემბერი. პოლიცია აკავებს პრემიერის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეს.

სომხეთში 8 დეკემბერს ვადა ეწურება გადადგომის ულტიმატუმს, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს წაუყენა ოპოზიციამ და რომლის პირობა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დაწყებაა.

პოლიტიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამართონ მშვიდობიანი აქციები კანონის ფარგლებში, მაგრამ მაინც მოხდა ზოგიერთი ქუჩის გადაკეტვა. პოლიციამ დააკავა რამდენიმეათეული ადამიანი.

ოპოზიცია მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას, რადგან არ ეთანხმება სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის მეზობელ აზერბაიჯანთან სამხედრო კონფლიქტის გარშემო რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების პირობებს, რაც, სხვათა შორის, სომხეთის მიერ ადრე დაკავებული ტერიტორიების, რამდენიმე რაიონზე, აზერბაიჯანის კონტროლის აღდგენას ითვალისწინებს.

ფაშინიანი აღიარებს, რომ ბაქოსთან მიღწეული შეთანხმება მართლაც არ არის კარგი სომხეთისთვის, მაგრამ ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და რომ მშვიდობიანი მოგვარების მომხრე იყვნენ სომხეთის სამხედროებიც. შეთანხმება იყო ერთადერთი გზა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის და სომხეთის კონტროლის ქვეშ მთიანი ყარაბაღის ნაწილის მაინც დატოვებისა, აცხადებს ფაშინიანი.

მთიანი ყარაბაღისთვის კონფლიქტი გამწვავდა 80-იან წლებში, როცა აზერბაიჯანის, უპირატესად სომხებით დასახლებული ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის რეგიონის, მმართველებმა მისი სომხეთისთვის გადაცემა მოითხოვეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რომელთა შედეგად, აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი რეგიონსა და მიმდებარე რაიონებზე.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობა არავის უღიარებია.

სექტემბრის ბოლოს ბრძოლები განახლდა და რამდენიმეკვირიანი კონფლიქტის შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანის უპირატესობით ვითარდებოდა, რუსეთის შუამავლობით დაიდო შეთანხმება. ამ ეტაპზე კონფლიქტის არეალებს რუსეთის სამშვიდობო ძალები აკონტროლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG