Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღლა, როგორც სოციალური სტატუსი


ავტორი: Lucas Camus

სიმართლე გითხრათ დავიღალე. დავიღალე ჩემი გზით, ჩემი ცხოვრებით, ძაან ხშირად მდომებია სხვის ტყავში ყოფნა ცოტა ხნით მაინც, კი ვამბობთ არ იქნებოდა კარგიო მაგრამ ეგ აბა რაში მაინტერესებს, მთავარია ცოტა ხნით მაინც გავთავისუფლდებოდი ჩემი თავისგან.

მე სულ ვამბობ ხოლმე და ისევ გავიმეორებ რომ ის გამოწვევები რაც საშუალო სტატისტიკურ ქართველ ახალგაზრდას აქვს და ექნება კიდე კაი ხანს არც ერთი სხვა ევროპული თუ ამერიკული ქვეყნის ახალგაზრდას იმის ნახევარიც არ მოუწევს, მიუხედავად იმისა რომ ბევრი პრობლემა საერთოა – მშობლის დაჯერება, ვითომ ამით შეცდომას აგვარიდებდნენ თუ საკუთარი გზის გაკვეთა და საკუთარი შეცდომის დაშვება? დამოუკიდებლობა თუ დამოკიდებულება? ყავა თუ ჩაი? ვეჯი თუ ხორცის ბურგერი? whatever.

ჩემი აღქმით ყოველთვის მთავარი გამოწვევა ისაა – დროის შესაბამისად იცნობდე ინფორმაციას და შენი გაგება იყოს რელევანტური სამყაროსა თუ ასაკთან (გარკვეულ დონეზე).

ჩვენ არავინ გველაპარაკებოდა რომ ერთ დღეს პასუხისმგელობები ტალღებად და ფენა-ფენად მოვიდოდა, ცხოვრების, ყოველდღიურობის, სწავლის, აღქმის, ა.შ. ყველაფრის. არავინ გვიხსნიდა რომ ბავშვობა მარადიული არაა და რომ მზად უნდა დავხვედროდით იმ ონტოლოგიურ სიმძიმეს რაც მხრებზე გვაწვება უფრო და უფრო მწვავედ რაც დრო გადის. შედეგად?

დავიღალეთ.

დავიღალეთ ზედმეტი და გაუსაძლისი ტვირთით, იმ შეცდომებით რომლის დაშვებაც სხვებს ახარებთ, ყოვლად ამორალური დასაქმების პოლიტიკით, გაუნათლებელი “განათლებული” ხალხითა და სასწავლო სისტემით, სადღეგრძელოებით, დაპირებებით, პოლიტიკით, სიყალბით, ნევროზით (გამოწვეული სწორედ ჩამოთვლილი ამბების შედეგად), არასრულფასოვნების კომპლექსით, არეული ურთიერთობებით (ვინაიდან არც ვიცით როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს), მუდმივად კინკლაობით, ომით, ჩხუბით, სხვისი აზრის წაყრუებით, მორალური თუ ზოგჯერ ფიზიკური გაუპატიურებით, სიუხეშით, არაფრისმაქნისობით, გაუტანლობით, ფარსით, უარყოფით, ტკენით, “მეტი შეგიძლია”თი, “ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი”თ, “მამაშენს ჯობდა სალამური გამოეთალა”თი, “შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ”ით, “ყველა ფეხზე მკიდია”თი, არარსებული ელიტით, არარსებული სამოქალაქო შეგნებით, “არ ისწავლი იქნები ვირის მუშა”თი, “გაჩუმდი”თი, გაკერილი პატიოსნებით, არაგულწრფელობით, დამალვით, სულ ბედნიერად მყოფის იმიჯით, ნიღბებით რომლის შექმნაც მოგვიწია, ბავშვობის ტრავმით, და მერე სმით, თამაშით, ნარკოტიკით, ტელევიზორით, სოც.ქსელებით, ყოველგვარი გამაბრუებელი მოცემულობებით, ბულინგით, “ჩემი შვილი იყოს კარგად”ით, “დაიმსახურა და სცემეს კიდევაც”ით, “ქალია არ მოეკითხება”თი, “კაცი ხარ ხორცის გარეშე როგორ ძლებ”ით, “16 წლისა ბოზებში გატ**ნაურებ”ით, “ცოლს ყველაფერს ვერ აკადრებ”ით, ნასვამზე გახსნილი საღერღელის გამო ლაპარაკით, პრავით და ჯიპებით, რელიგიით და ყოველგვარი კულტით რომელიც ჩვენ ისე აღარ გვინდა როგორც წინა თაობას, “300 ლარს მოგცემთ ხელფასს თუ რამეს დააშავებ ჩამოგეჭრება”თი, გაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მოყაყანე მოხუცებით, “ქართველობას გვართმევენ”ით, “რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ”ით, სიდედრებზე ხუმრობებით, თავში წამორტყმებით, ზიზღიანი თვალებით, “თუ არ მოგწონს გააჯვი”თი (განა შევცვალოთ), ლაიქებით, ქრაშებით, ტიკტოკით, ყელში ამოსული გართობით და არასდროს სერიოზულად რამის კეთებით, “ბრუტალური მეთოდებით”, საშა გრეიზე ხუმრობებით, ქსენოფობიით, “აგერ ლესელიძეზე სამი სხვადსხვა ეკლესიაა როგორ არ ვართ ტოლერანტულები”თ, “არა მე პრობლემა არ მაქ მარა ნუ არსებობენ”ით, საყოველთაო სოციალური ბაბლით, არაფერი ახლით, ყოველდღე ერთი და იგივე რეალობით, მოღუშვით, ტირილით, სისტემით, დაჭერით, ხმის ჩახშობით, ცათამბჯენებით, ტურისტების მოლოდინით, მეტროს და პოლიციის ხმით, გაზინტლული მოაჯირებით, არაფრისმთქმელი(!) სტენსილებით, “მზე”თი, “აქ იყო..”თი, “მიყვარხარ”ით რომელსაც დაკარგული აქვს ავთენტური დანიშნულება, “პროსტა სექსი მაქ მარა სიყვარულით შენ მიყვარხარ”ით, ბნელი სადარბაზოებით, დილას გაღვიძებით, “მე რო ვეწევი მიხდება და შენ არ გინდა ცუდია”თი, “ყველაფერში შენს გვერდით მიგულე”თი, “ყველაფერი კარგად იქნება”თი, კანის ფერით რელიგიით ორიენტაციით მანიპულირებით, “ერთმა გამისხა”თი, “ვიცი რო ცუდია მარა მაინც ვაკეთებ”ით, არასდროს დასკვნის გაკეთებით, დაღლის გამო წითელი თვალებით და ფშვნეტით, ჭამით, ასაკით, დაბადების დღით, დღესასწაულებით, ახალი წლით, დროის მალე გასვლით, სამყაროთი, სიბინძურით, “ბუა მოვა”თი, “შენხელა აღმაშენებელი მსოფლიოს აზანზარებდა”თი, “37” მანეთით დოლარით ევროთი, ორი თვის “ნაკურთხი სექსის” გამო ქორწინებით, დარიგებით, თითის ქნევებით, მითითებით, კონტროლით, დარეკვით, საათის წიკწიკით, ადამიანებით რომლებიც სულ ერთი და იგივე არიან და მხოლოდ ჩვენ ვიცვლებით მათ კი ათ წელშიც კი არაფერი ეტყობათ რიმეიქის, გაჭირვებით და შიმშილით, სანაგვეზე დატოვებული ბავშვებით, “გაბოზდა”თი, “შენ რა იცით”ით, “ყველა ფორმიანის დედას შევ**ი”თი, ტატუთი “დედა”, ბირჟის გამაგრებით, დანების ტრიალით, ვიღაც ყლე გოგოს გამო ვიღაც ყ*ის დედაზე შავების ჩაცმით, 90-იანების ნახალოვკით, თბილისის ზღვით, ნაგვით სავსე მტკვრით, “მოიცა აბა მარჯვენა სანაპირო რომელია თუ მაგარი ხარ”ით, “უზმოზე 20 ხინკალს თუ შეჭამ”ით, “რას ინებებთ”ით, გეპეით თსუთი ილიაუნით კავკასიით, წითელ დიპლომიანი რძლებით, კაპიკი სტიპენდიებით და არარსებული ბონუსებით, უიმედობით, მელანქოლიით, თამბლერით, ნუდებით, “გაასწარი სასწრაფოს და ამოუდექი უკან”ით, ლუდის ბოთლების მოგროვებით, “ჯართს ვიბარებ”ით, “ევროპაში უფრო იპარება”თი, ახალი კეტებით, “რაღა დროს წიგნებია”თი, “ცხოვრება მშვენიერია”თი,

და ჩემი ფავორიტი – “ნეტა ვიცოდე ერთი რა გღლით ამ ახალგაზრდებს?”ით.

აწი იცოდეთ და თუ შემდეგში ვინმე ახალგაზრდას სადმე მოგვკრავთ თვალს გვკითხეთ – თქვენც დაღლილების კლასტერი ხომ?

წავედი ძაან დავიღალე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG