Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო პენსილვანიაში ბაიდენის გამარჯვების გამო შეტანილი სარჩელი


აშშ-ის უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი, რომელიც ეხებოდა პენსილვანიის შტატიდან ფოსტით გაგზავნილი 2.5 მილიონამდე საარჩევნო ბიულეტენის შედეგების გაუქმებას. პენსილვანია იმ შტატებს შორისაა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გადამწყვეტი აღმოჩნდა ეროვნულ დონეზე დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვებისთვის.

რესპუბლიკელები სასამართლოში შეტანილ სარჩელში ამტკიცებდნენ, რომ ფოსტით ხმის მიცემის წესი, რომელიც პენსილვანიაში 2019 წელს შემოიღეს, შტატის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რესპუბლიკელების სარჩელზე უარის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ყველა წევრმა, მათ შორის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა სამმა კონსერვატორმა მოსამართლემ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, ამის დამტკიცებას უშედეგოდ ცდილობს სასამართლო დავებით და სხვა იურიდიული მექანიზმების გამოყენებით.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან აქვს 232 ხმა, ხოლო დემოკრატ ჯო ბაიდენს - 306.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.

კოლეგია საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალურ შედეგს უახლოეს ხანში გამოაცხადებს. აშშ-ის ახალი, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG