Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი ბრექსიტზე მოლაპარაკებებს გამართავს ურზულა ფონ დერ ლაიენთან


ბორის ჯონსონი და ურზულა ფონ დერ ლაიენი. ლონდონი, 2020 წ. იანვრის ფოტო.
ბორის ჯონსონი და ურზულა ფონ დერ ლაიენი. ლონდონი, 2020 წ. იანვრის ფოტო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ხუთშაბათს ბრიუსელში მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის კომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან.

ისინი სამუშაო სადილზე შეხვდებიან და ისაუბრებენ მთელ რიგ საკითხებზე, რომლებშიც ლონდონსა და ბრიუსელს შორის უთანხმოებაა - თევზჭერის უფლებებზე, სამართლიანი ვაჭრობის წესებზე და იმაზე, თუ როგორ მოხდება შეთანხმების გაკონტროლება.

ბრიტანეთის ოფიციალური პირების თქმით, ამ მოლაპარაკებებში წარმატებამ შესაძლოა ჩიხიდან გამოიყვანოს ევროკავშირის წარმომადგენელ მიშელ ბარნიესა და მის ბრიტანელ კოლეგას, დევიდ ფროსტს შორის მოლაპარაკებები.

მაგრამ ბრიტანეთის მთავრობასთან დაახლოებული წყაროების თქმით, მნიშვნელოვანია ვიყოთ „რეალისტები“ და რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტის თაობაზე შეთანხმება შეიძლება ვერ მოესწროს 31 დეკემბრამდე, როცა ბრიტანეთი ასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და ამის შემდეგ ის აღარ იქნება ევროკავშირის სავაჭრო კანონებზე დამოკიდებული.

ბორის ჯონსონმა ბრიუსელში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ვერცერთი პრემიერ-მინისტრი ვერ მოაწერს ხელს მოთხოვნებს, რომლებსაც „ამჟამად აყენებს“ ევროკავშირი. ჯონსონის თქმით, ქვეყანაში კეთილდღეობა იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის ხელს არ მოაწერს ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას.

ბარნიესა და ფროსტს შორის რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მუდმივი უთანხმოებების გამო სულ უფრო რეალური გახდა პერსპექტივა, რომელიც, ბევრის აზრით, „კოშმარული სცენარია“ - შეთანხმების გარეშე დატოვება მხარეებს შორის ვაჭრობისა, რომლის მოცულობა წელიწადში 1 ტრილიონ აშშ დოლარამდეა.

8 დეკემბერს გარკვეული ნდობა კვლავ აღდგა, როცა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა „პრინციპში“ მიაღწიეს შეთანხმებას კონკრეტული სავაჭრო შეთანხმებების თაობაზე ჩრდილოეთ ირლანდიისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG