Accessibility links

logo-print logo-print

პაატა გაფრინდაშვილი: თუკი სადმეა საჭირო დასავლელი პარტნიორების ჩარევა, ეს ავტორიტარული ტიპის ფენომენის განეიტრალებაა


პაატა გაფრინდაშვილი, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS)-ის დირექტორი

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS)-ის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ თუკი სადმე დასავლელი პარტნიორების ჩარევაა საჭირო, ეს საჭიროა ავტორიტარული ტიპის ფენომენის გასანეიტრალებლად. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესს ხელს სწორედ ავტორიტარული ფენომენი უშლის:

„ხალხის მიერ არჩეულია კობახიძეც, ოცნების წარმომადგენლები და ყველამ პატივი უნდა სცეს ამას, ხალხის მიერაა არჩეული ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ახლა მოლაპარაკებების მაგიდას უსხედან და სამართლიანად ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ესენი ხალხის მიერაა მართლა არჩეული და მათ უნდა შეეძლოთ და შეუძლიათ ერთმანეთში საუბარი. და თუკი რამე ხელს უშლის ამას, ეს გახლავთ ის ავტორიტარული ფენომენი, რომელსაც ხან არაფორმალურს ვეძახდით, ხან იმას, ხან ამას, მაგრამ ეს არის ავტორიტარული გამოვლინება, რომელიც მარტო საქართველოსთვის არ არის ცნობილი. სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, გაცილებით უფრო დემოკრატიულ ქვეყნებში ვლინდება, მაგრამ ეს არ ამსუბუქებს კი არა, უფრო ართულებს, იცით რატომ? იმ სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, იქ ინსტიტუტები გაცილებით უფრო ძლიერია და ინსტიტუტების ხარჯზე, იქნება ეს სასამართლო და ასე შემდეგ, მთავარი სასამართლოა, ამიტომ უძლებენ ისინი ამგვარი ტიპის გამოვლინებას. ჩვენთან ეს ძალიან რთულია იმიტომ, რომ ინსტიტუტებია საკმაოდ დასუსტებული. ისინი ვერც წამოდგნენ ფეხზე თავის დროზე ისე მძლავრად, რომ ასეთი გამოწვევებისთვის ეპასუხათ. შესაბამისად უცხოელი ფასილიტატორები თუკი სადმეა უფრო ქმედითად საჭირო, ეს არის ამგვარი ტიპის ავტორიტარული ფენომენის განეიტრალება, თუ გნებავთ“, - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში არის შანსი იმისა, რომ მოლაპარაკებებიც პოზიტიური შედეგით დასრულდეს და პოლიტიკური კრიზისიც უფრო მალე განიმუხტოს. იგი ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული:

„რატომ არ უნდა იყოს, რომ პარტიის თავმჯდომარე უფრო აქტიურად ქმედითად იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც მოლაპარაკების მაგიდასთან. გნებავთ ეს მოლაპარაკების მაგიდა იქნება თუ სხვა, მაგრამ რატომაც არა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდეს პარტიის თავმჯდომარე? აი, ამგვარი ტიპის ჩარევას ვგულისხმობდი მე ფასილიტატორების მხრიდან. მოწოდებას, განცხადებებს, რომ უფრო დემოკრატიული გახდეს ეს პროცესები“, - აღნიშნა პაატა გაფრინდაშვილმა „დილის საუბრებში“.

ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდია გამართული. მოლაპარაკებების შედეგებით, ხელისუფლება და ოპოზიცია თავიანთ წითელ ხაზებს არ თმობენ და მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG