Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო დანაშაულის საქმეზე აშშ-ში მიმიდინარეობს გამოძიება ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ


ჰანტერ ბაიდენი
ჰანტერ ბაიდენი

ჰანტერ ბაიდენმა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის შვილმა, დაადასტურა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო საგადასახადო დანაშაულის ფაქტზე.

„მე ამ საქმეს ძალიან სერიოზულად ვეკიდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ მასალების პროფესიული და მიუკერძოებელი შესწავლა დაადასტურებს, რომ პროფესიონალი საგადასახადო კონსულტანტების დახმარებით მე ვმოქმედებდი კანონიერად და სწორად,“, - აღნიშნულია ჰანტერ ბაიდენის განცხადებაში, რომელიც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდის მიერ გავრცელდა.


გამოძიების დაწყების შესახებ ჰანტერ ბაიდენისათვის ცნობილი გახდა 8 დეკემბერს. იუწყებიან, რომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის ბოლოს და მას ატარებს დელავერის შტატის ფედერალური პროკურატურა.


ჰანტერ ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის წევრების კრიტიკის სამიზნე გახდა პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროს, განსაკუთრებით არჩეული პრეზიდენტის შვილის უკრაინასთან და ჩინეთთან საქმიანი კავშირების გამო იმ დროს, როდესაც მისი მამა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.


აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლის დასაწყისამდე იყო უკრაინაში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ბურისმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი მაშინ, როდესაც კომპანიისა და მისი მფლობელის კორუფციულ საქმიანობას უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებდა.

დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, ჯულიანის, მტკიცებით, ჯო ბაიდენმა, რომელიც უკრაინის საკითხებს კურირებდა, 2015 წელს ზეწოლა მოახდინა კიევზე, რათა თანამდებობა დაეტოვებინა მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოკინს და შეწყვეტილიყო უკრაინული კომპანია „ბურისმის“ საქმიანობის გარშემო დაწყებული გამოძიება.

ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ არჩეული პრეზიდენტი ამაყობს მისი შვილით და დარწმუნებულია, რომ ამ რთული გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლა მას კიდევ უფრო გააძლიერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG