Accessibility links

site logo site logo

სანდრა რულოვსმა ჩვენება მისცა ხანგოშვილის საქმის გამოძიებას


სანდრა რულოვსი

ბერლინის სამხარეო სასამართლოში გრძელდება პროცესი შარშან აგვისტოში გერმანიის დედაქალაქში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით.

როგორც ადრე განაცხადა პროცესზე გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რონალდ გეორგმა, „მსხვერპლის ლიკვიდაციის“ განკარგულება კილერმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან მიიღო.

2019 წლის 23 აგვისტოს ბოროტმოქმედების შემდეგ მაშინვე დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. ის გერმანიაში ყალბი საბუთებით შევიდა, მაგრამ გამომძიებელი ჟურნალისტების მონაცემებით, ეს არის ვადიმ კრასიკოვი. როგორც იტყობინებიან, ის ფსბ-ს სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა და რამდენიმე შეკვეთილ მკვლელობაში აქვს მიღებული მონაწილეობა.

გამოძიებამ ვერ დაადგინა, როგორ მოხვდა მკვლელი ვარშავის გავლით ბერლინში და რას აკეთებდა ის ბერლინში ჩასვლიდან მკვლელობამდე, 28 საათის განმავლობაში.

მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულთან კავშირს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხანგოშვილი იყო მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოგვიანებით მას აკავშირებდნენ ბესლანის სკოლის აღებასთან. ამ ორი ტერაქტის შედეგად 374 ადამიანი დაიღუპა. პუტინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ბერლინის მკვლელობა „ბანდიტური გარჩევის“ შედეგია.

მთლიანობაში გამოძიებამ 30 მოწმე დაკითხა ხანგოშვილის მკვლელობის თაობაზე, ასევე ორ ათეულამდე ადამიანი ხანგოშვილის გარემოცვიდა - ნათესავები და მეგობრები. სასამართლო შენიშნავს, რომ ძალზე ცოტა ადამიანი გამოეხმაურა მოწოდებას, მოწმის სახით მიეცა ჩვენება გამოძიებისთვის.

ხანგოშვილის საქმის გამომძიებელმა 9 დეკემბერს სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ხანგოშვილი შედიოდა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა 19-კაციან სიაში, რომელიც ფსბ-მ 2012 წელს გადასცა გერმანიის მხარეს. გამომძიებლის თქმით, ამ სიიდან სხვა ადამიანებიც მოკვდნენ „არაბუნებრივი სიკვდილით“. რამდენ ადამიანზეა ლაპარაკი, სასამართლოზე არ დაუსახელებიათ.

როგორც ბერლინელმა გამომძიებელმა განაცხადა სასამართლო პროცესზე, ხანგოშვილი ბერლინში უნდა შეხვედროდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს, სანდრა რულოვსს, რომელიც მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა. რის შესახებ აპირებდნენ ისინი საუბარს, არ არის ცნობილი. ბერლინის სასამართლომ პროცესზე გამოიძახა რულოვსი, მაგრამ რულოვსმა სასამართლოს წინაშე გამოცხადებაზე უარი თქვა და მასთან საუბარი ტელეფონით შედგა. „საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის“ შინაარსი სასამართლოზე არ გაუცხადებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG