Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი კობახიძე: "დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა"


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ირონიულად საუბრობს არჩევნების გაყალბების „აღიარებაზე“ და მისი თქმით ნონსენსს აღწერს.

„მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა”, - წერს ირაკლი კობახიძე და ხაზს უსვამს ისეთი პლებისციტის ჩატარების საჭიროებას, რომელმაც უნდა გაარკვიოს, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“.

-„სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ნაციონალებმა მინიმუმ 35 პროცენტი აიღეს;

-პატრიოტები ამბობენ, რომ მათ პარტიას მინიმუმ 23 პროცენტმა დაუჭირა მხარი;

-ნათელაშვილი აცხადებს, რომ სულ მცირე 7 პროცენტი აქვს აღებული;

-ლელო ამტკიცებს, რომ არჩევნების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და მინიმუმ 6 პროცენტი აქვთ მიღებული;

-ზუსტად იმავეს ამტკიცებს ვაშაძეც, ანუ მისი შედეგიც 6 პროცენტია;

-ევროპული საქართველო ციფრებს არ ამბობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, ანუ, ლოგიკურად, 3,8 პროცენტის მაგივრად, მინიმუმ 5 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეთ აღებული;

-ბურჯანაძე დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტი აიღო;

-„გირჩი“ და„მოქალაქეები“ამბობენ, ჩვენთვის არაფერი დაუკლიათ, მაგრამ „ოცნებამ“ თავისთვის მოიმატაო. ანუ მათი შედეგი 3 და 1 პროცენტი რჩება;

-იმ პარტიებიდან, რომლებმაც ნახევარი პროცენტი და ნაკლები აიღეს, რამდენიმე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ბარიერი აქვთ გადალახული, ანუ ამ ყველა პარტიას 6-ის მაგივრად, 9 პროცენტი მაინც უნდა ქონდეს აღებული.

ყველა ეს შედეგი კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტული ციტატებითაა გამყარებული და თუ ჩვენი ოპოზიციონერების მაღალ პასუხისმგებლობას გავითვალისწინებთ, ვერც ერთ მათგანში იოტისოდენა ეჭვსაც კი ვერ შევიტანთ”, - ამბობს ირაკლი კობახიძე. და ვინაიდან მის მიერ მოყვანილი მონაცემების ჯამი 100-ს უტოლდება, აღნიშნავს, რომ გაიშიფრა თამარ ჟვანიასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთავარი სიყალბე იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს:

„ანუ არსებობს ორი პარალელური სინამდვილე - ერთი ნამდვილი, ოპოზიციის თვალით დანახული სინამდვილე და მეორე ყალბი, ცესკოს მიერ შექმნილი ვირტუალური სინამდვილე.

შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს”, - წერს ირაკლი კობახიძე, რომელიც პოსტს ამჯერად უკვე სერიოზულად ამთავრებს:

"ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ", - ამბობს ირაკლი კობახიძე პოსტის დასასრულს.

ხვალ, 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომას არ დაესწრება ოპოზიცია, რომელიც არჩევნების გაყალბების გამო სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG