Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და სამ მინისტრს ბრალი წაუყენეს ბეირუთში მომხდარ დამანგრეველ აფეთქებასთან დაკავშირებით


დანგრეული ნაგებობა ბეირუთის პორტში.
დანგრეული ნაგებობა ბეირუთის პორტში.

ბეირუთის პორტში მომხდარი დამანგრეველი აფეთქების მთავარმა ლიბანელმა გამომძიებელმა ბრალდება წაუყენა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბს და სამ ყოფილ მინისტრს. ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება.

მოსამართლე ფადი სავანმა 10 დეკემბერს წაუყენა ბრალდება ჰასან დიაბს, ფინანსთა მინისტრ ალი ჰასან ხალილს, ასევე ორ სხვა მინისტრს, ღაზი ზეიტერსა და იუსეფ ფენიანოსს.

ოთხივეს ბრალდება დაუდევრობა, რომელსაც 4 აგვისტოს მოჰყვა აფეთქება ბეირუთის პორტში. აფეთქების შედეგად დაინგრა ლიბანის დედაქალაქის დიდი ნაწილი, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, ათასობით დაშავდა. აფეთქდა დიდი რაოდენობით ამონიუმის ნიტრატი, ფეთქებადი სასუქი, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ინახავდნენ პორტის ტერიტორიაზე.

დიაბი აფეთქებიდან რამდენიმე დღეში გადადგა. ამჟამად ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

„მათ არ მიიღეს სათანადო ზომები გამანადგურებელი აფეთქებისა და მისი შედეგების თავიდან ასაცილებლად,“ განაცხადა მოსამართლესთან დაახლოებულმა წყარომ.

დიაბი, ხალილი, ზეიტერი და ფენიანოსი ყველაზე მაღალი რანგის პირები არიან, ვის წინააღმდეგაც საქმე აღძრულა ლიბანში. გამოძიების მსვლელობისას დაკავებულია კიდევ 30 ოფიციალური პირი.

აფეთქების მიზეზად სახელდება 2013 წელს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიმავალი ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევა. ლიბანის ხელისუფლების თქმით, 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი ჩამოიტვირთა 2014 წელს ჩამორთმეული სატვირთო გემი Rhosus-დან.

Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო. ის ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრ იგორ გრეჩუშკინს.

მოგვიანებით, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG