Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიციელებმა აქციასთან მისასვლელი გზა გახსნეს ოკუპირებულ ცხინვალში


საპროტესტო აქცია ცხინვალში. 11 სექტემბერი, 2020 წ.
საპროტესტო აქცია ცხინვალში. 11 სექტემბერი, 2020 წ.

ოკუპირებულ ცხინვალის ცენტრში ადგილობრივმა „სამართალდამცავებმა" ის შეზღუდვები მოხსნეს, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებას შეეხებოდა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ მოედანზე მისასვლელი გზები, იქ დაწყებული საპროტესტო აქციების გამო ჩაკეტა და ამით როგორც იქვე ახლოს მცხოვრებლებს, ასევე მძღოლებს არაერთი პრობლემა შეუქმნა.

ერთი კვირაა ცხინვალის თეატრალურ მოედანზე უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ, ძალოვნების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები. აქციების დაწყებისთანავე „ომონის“ და მილიციის თანამშრომლებმა პერიმეტრი შემოსაზღვრეს, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალეს და აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრებიც იმის შესახებ, თუ როგორ ჩხრეკენ აქციაზე მიმავალ ადამიანებს მილიციელები და მათ საკვების, წყლის და გამათბობელი საშუალებების შეტანას უკრძალავენ. ამ კადრებმა ცხინვალელების აღშფოთება გამოიწვია. ოსურმა მედიამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა. რომელშიც ნათქვამია, რომ გზა უკვე გახსნილია. „ჩვენი თანამშრომლები ისევ იქ დგანან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. ქალაქში ვითარება სტაბილურია“, -აცხადებენ დე ფაქტო შსს-ს პრესცენტრში. წინააღმდეგობის მიუხედავად, მეზობელი სახლებიდან აქციის მონაწილეებთან თბილი პლედების, ცხელი წყლისა და ცოტაოდენი საკვების შეტანას მაინც ახერხებენ. დაღუპულის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, საფრთხის მიუხედავად მასთან მისულ ადამიანებს მიმართა: „ჩვენ გავაგრძელებთ აქ დგომას, მე სიცოცხლესაც გავწირავ. მე აქ ვიდგები სიმართლის დასაცავად და მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენ გვერდით დადგა და გაიზიარა ჩვენი ტკივილი“.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ამ დრომდე მოითხოვს ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. გასული კვირის ბოლოს, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით, ცხინვალის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქცია სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG