Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბება


დღეს პირველ სხდომას გამართავს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი. სხდომათა დარბაზში იქნებიან მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბებიან და მემორანდუმით დაადასტურებენ უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვას.

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა გადაეცემა პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც რეგლამენტის თანახმად, სხდომას გაუძღვება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე.

მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი საარჩევნო ბლოკის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა, რადგან სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება, სხდომას გაუძღვება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლადო კახაძე.

სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით აირჩევენ 11-წევრიან, ხმის დამთვლელ დროებით კომისიას და 17-წევრიან დროებით სამანდატო კომისიას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას, რასაც დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

ამის შემდეგ, პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტს წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს.

დეპუტატები პირველივე სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმოადგენლები შეიკრიბებიან პარლამენტის შენობის გვერდით მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, სადაც ხელს მოაწერენ მემორანდუმს, პარტიული სიების განულების და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხელმომწერთა შორის არ იქნებიან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების პროცესში თითქმის ყველა საკითხი შეთანხმებულია და საბოლოო შედეგს უნდა დაელოდონ. ასევე, პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავს მემორანდუმზე ხელი უკვე რამდენჯერმე აქვს მოწერილი და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას თავად გაივლის.

კიდევ ერთი საარჩევნო სუბიექტი - "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ სიების განულების და მანდატებზე უარის გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული აქვს, თუმცა, ცალკე მოქმედებს.

არჩეულმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის ოფიციალური განცხადებით პარლამენტს უნდა მიმართოს.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. კრიზისის დასაძლევად მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოლაპარაკება, რომელშიც აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები მონაწილეობენ, მომავალ კვირაში უნდა გაგრძელდეს.

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 150-წევრიან პარლამენტში ჰყავს პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ:

ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 36 მანდატი;

„ევროპული საქართველო“ 5 მანდატი;

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 მანდატი;

„ლელო“ 4 მანდატი;

„პატრიოტთა ალიანსი“ 4 მანდატი;

„გირჩი“ 4 მანდატი;

„მოქალაქეები“ 2 მანდატი;

„ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG