Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია მხარეებს კვლავ დიალოგისკენ მოუწოდებენ


საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად. განცხადება ამერიკის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა.

დიპლომატები წუხილს გამოთქვამენ, რომ მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა, ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე:

„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს.

ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.

ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა. ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა".

დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს. სხდომათა დარბაზში იქნებიან მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბებიან და მემორანდუმით დაადასტურებენ უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG