Accessibility links

logo-print logo-print

სალომე ზურაბიშვილი: დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვით!


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელშიც მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული დეპუტატები მონაწილეობენ. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

პარლამენტის სხდომას ესწრებიან მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო.

„დავიღალეთ! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით! ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება! „დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება!", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დავიღალეთ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით! სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად. საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია - ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ!"

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბარში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურონ უარი პარლამენტის მანდატებზე.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 150-წევრიან პარლამენტში ჰყავს პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ:

ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 36 მანდატი;

„ევროპული საქართველო“ 5 მანდატი;

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 მანდატი;

„ლელო“ 4 მანდატი;

„პატრიოტთა ალიანსი“ 4 მანდატი;

„გირჩი“ 4 მანდატი;

„მოქალაქეები“ 2 მანდატი;

„ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG