Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ვლადიმერ კახაძე უძღვება


ლადო კახაძე
ლადო კახაძე

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არჩეული დეპუტატი, ვლადიმერ კახაძე უძღვება.

მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი საარჩევნო ბლოკის, „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა, რადგან სხდომას ოპოზიცია არ ესწრება, სხდომის გაძღოლის უფლება ვლადიმერ კახაძეს ერგო:

„ჩემთვის დიდი პატივია, ჩემი ქვეყნის მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ვემსახურო, გმადლობთ ამისათვის“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ მისალმებისას, პარლამენტის მუშაობის პროცედურულ ნაწილზე გადასვლამდე. იგი სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით აირჩევენ 11-წევრიან, ხმის დამთვლელ დროებით კომისიას და 17-წევრიან დროებით სამანდატო კომისიას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას, რასაც დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

ამის შემდეგ, პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტს წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს.

დეპუტატები პირველივე სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომას „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი ესწრება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაედასტურებინათ უარი პარლამენტის მანდატებზე.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 150-წევრიან პარლამენტში ჰყავს პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ:

ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ - 36 მანდატი;

„ევროპული საქართველო“ - 5 მანდატი;

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4 მანდატი;

„ლელო“ - 4 მანდატი;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 4 მანდატი;

„გირჩი“ - 4 მანდატი;

„მოქალაქეები“ - 2 მანდატი;

„ლეიბორისტული პარტია“ - 1 მანდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG