Accessibility links

site logo site logo

პარლამენტის პირველ სხდომას ოხანაშვილი და სესიაშვილი არ ესწრებიან


მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მმართველი გუნდის წევრები, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი სესიაშვილი არ ესწრებიან.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დეპუტატები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები ესწრებიან. დარბაზში ნაცვლად 90 დეპუტატისა, 88 დეპუტატი იმყოფება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 150-წევრიან პარლამენტში ჰყავს პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ, თუმცა, ისინი არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებენ. 11 დეკემბერს, 12 საათზე, პარლამენტის სხდომის პარალელურად, „პირველი რესპუბლიკის პარკში“, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს და ამით დაადასტურეს თავიანთი უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვა.

მათი განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმებით მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს უცხადებენ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG