Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: არჩევნების არსის უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო ითხოვ ახალ არჩევნებს


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოსთვის ძლიერი ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ილაპარაკა მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნისას და განაცხადა, რომ დღეს დესტრუქციული თავდასხმა ხდება ყველა ინსტიტუტზე.

„პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა, ჩვენი ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა და ერთიანობა, გზა გაუხსნა დამოუკიდებლობას. მათი დისკრედიტაცია ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება!“

„ჯარი, რომელიც სახელმწიფოს საყრდენია, ღირსებისა და ეროვნული სულისკვეთების განსახიერებაა. საქართველოს ხვალინდელი დღე სწორედ ღირსეულ, თანამედროვე და ძლიერ ჯარზე გადის. ამდენად, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიული მიზნებს, კერძოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მიზანმიმართული კამპანიით, დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით, ჯარსა და უმაღლეს მთავარსარდალს შორის უნდობლობის დათესვა კი ჯარის დემორალიზაციას ემსახურება“.

„პოლიცია, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყანაში. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია მისი როლი საოკუპაციო ხაზთან და უნდა გვესმოდეს, რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის პოლიციელის შეურაცხყოფა, მასზე მორალური ზეწოლა“.

„პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს. მისი შეურაცხყოფა, იქნება ეს გავრილოვის დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით, შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა იმ ადგილას, სადაც განისვენებენ იუნკერები, სადაც 9 აპრილს დახოცეს გულანთებული პატრიოტები. დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვენულ მანდატზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე!“

„სასამართლო, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების გამწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის. ამავე დროს, უნდა დავინახოთ განვლილი გზაც: რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა. მიუხედავად სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას“.

„პრეზიდენტი. კარგად იცით, რომ შეურაცხყოფა და ცილისწამება, თუნდაც ყოველდღიური, ჩემზე არ მოქმედებს, არ ვპასუხობ და უარს ვერ მათქმევინებს ინაუგურაციაზე დადებულ პირობაზე: ვიყო ყველას პრეზიდენტი. თუმცა, ნათელია, თუ რას ემსახურება ასეთი სისტემატური თავდასხმა პრეზიდენტის პერსონაზე, სიტყვაზე თუ ქმედებაზე და მიზანში ამოღება მისი უფლებამოსილებების: უმაღლესი მთავარსარდლობის, საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობის თუ შეწყალების უფლების. მიზანია, შესუსტდეს ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს ავტორიტეტი და სახე, შიგნით კი - ერთიანობის სიმბოლო. ეს მე კი არ მაზიანებს, ყველას ერთად გვასუსტებს“.

„ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომელთა თავდადება პანდემიასთან ბრძოლის უმძიმეს დღეებში მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს. მათი შეურაცხყოფა ჩვენი შეურაცხყოფაა. მე მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი მათ ყველას მაგივრად. ამ დესტრუქციული კამპანიის მიზეზიც ნათელია - ნდობა, რომელმაც განაპირობა პანდემიის პირველ ეტაპთან წარმატებით გამკლავება, უნდა შეირყეს და შეიცვალოს სკეპტიციზმით, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც მძიმე ვითარებას“.

„დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები, პირველ რიგში, უზრდელობაა! და გაუგებარია, როცა ამავე დროს მათ ვთხოვთ ჩვენს შიდა პროცესებში ჩართვას და მედიატორობას. ეს დაუშვებელია მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ქვეყანა ელოდება მეტ თანამშრომლობას და სოლიდარობას“.

„მედია, რომლის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატია, საკუთარ თავს აზიანებს, როდესაც წინ არ აღუდგება პოლარიზებას, ებმება პოლიტიკურ ბრძოლაში და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. საკუთარი თავის დისკრედიტაციით მან შეიძლება დაკარგოს ინფორმაციული ფუნქცია და საზოგადოების ნდობა. მისთვის ფეიკნიუსებიც დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მედიის ვალია, ამ გამოწვევებს პროფესიონალიზმით და მიუკერძოებლობით გაუმკლავდეს, რაც საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, „ინსტიტუტების დაცვა სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს დაცვა“ და ეს ყველას მოვალეობაა.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაში მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული დეპუტატები მონაწილეობენ. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG