Accessibility links

site logo site logo

ტრამპი და რესპუბლიკური პარტია უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ არჩევნების შედეგებს


მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობა, გაესაჩივრებინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, წარუმატებელი აღმოჩნდა, მან კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. 10 დეკემბერს მათ მხარი დაუჭირეს ტეხასის შტატის სარჩელს, რომელიც უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვს, უარყოს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ოთხ გადამწყვეტ შტატში.

სარჩელის საპასუხოდ ამ ოთხმა შტატმა - პენსილვანიამ, ჯორჯიამ, მიჩიგანმა და ვისკონსინმა - 10 დეკემბერს უზენაეს სასამართლოს მოუწოდეს, უარყოს ტეხასის შტატის სარჩელი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი უჭერს მხარს. მათი თქმით, ამ საქმეს არ მოეპოვება ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი და მხოლოდ ყალბ განცხადებებზეა დამყარებული.

სარჩელს, რომელიც ტეხასის გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა შეიტანა უზენაეს სასამართლოში და რომელსაც მიმდინარე კვირაში 17 შტატის რესპუბლიკელი პროკურორები შეუერთდნენ, მცირე შანსი აქვს, რამე შეცვალოს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში.

მაგრამ რესპუბლიკელების მხრიდან ტრამპის მხარდაჭერის მასშტაბი ნათელყოფს, რამდენად აკონტროლებს ის პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა იანვარში იწურება. მიმომხილველთა აზრით, ეს ასევე შეკითხვებს ბადებს იმაზე, თუ რამდენად სცემენ პატივს დემოკრატიის პრინციპებს არჩეული ლიდერები მაშინ, როცა რამდენიმე დღის შემდეგ, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიის წევრები შეიკრიბებიან არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG