Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგის საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაიცვალა ცნობილი სამხრეთკორეელი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი


ცნობილი სამხრეთკორეელი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი წუხელ გარდაიცვალა ლატვიაში. გარდაცვალებამდე ის რიგის საავადმყოფოში იქნა ჰოსპიტალიზებული COVID-19-ის დიაგნოზით. რეჟისორი 59 წლის იყო.

კიმი 1960 წელს დაიბადა სამხრეთ კორეის აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში, სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, ხუთი წელი მსახურობდა საზღვაო ქვეითად, შემდეგ იყო მხატვარი და სცენარისტი. სცენარებისთვის რამდენიმე ჯილდოს მოპოვების შემდეგ 1996 წელს შედგა მისი დებიუტი კინორეჟისურაში.

კიმ კი-დუკს გადაღებული აქვს 31 ფილმი, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილებია: „პიეტა“, რომლისთვისაც ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ მოიპოვა 2012 წელს; „სამარიტელი ქალი“ (2004), რომელიც ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა; „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... კვლავ გაზაფხული“ (2003); „ცუდი ბიჭი“ (2001).

2017 წელს სამხრეთკორეელმა მსახიობმა ქალმა, რომლის ვინაობას არ ამხელენ, მას სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი. რეჟისორმა მას სასამართლოში უჩივლა ცილისწამებისთვის, მაგრამ 2020 წლის ოქტომბერში წააგო საქმე.

კიმი 20 ნოემბერს ჩავიდა ლატვიაში. როგორც იტყობინებიან, ის იურმალაში აპირებდა დასახლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG