Accessibility links

site logo site logo

ფრანგმა ფეხბურთელმა, ანტუან გრიზმანმა, შეწყვიტა თანამშრომლობა ჩინურ კომპანია „ჰუავეისთან“ უიღურთა თვალთვალის გამო


ფეხბურთის ფრანგი ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი, აცხადებს, რომ წყვეტს სპონსორულ თანამშრომლობას ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეისთან“ იმ ბრალდების ფონზე, რომ კომპანია მონაწილეობს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრებ მუსლიმ უიღურთა თვალთვალში.

„მძლავრი ეჭვების შემდეგ, რომ „ჰუავეიმ“ პირთა იდენტიფიცირებისათვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით თავისი წვლილი შეიტანა „უიღურთა განგაშში“, მე დაუყოვნებლად ვწყვეტ თანამშრომლობას ამ კომპანიასთან“, - დაწერა გრიზმანმა „ინსტაგრამში“.



ჩინური კომპანია ამ ბრალდებას უარყოფს და გრიზმანის გადაწყვეტილებას „სამწუხაროს“ უწოდებს.

ანტუან გრიზმანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის „ბარსელონას“ თავდამსხმელი, 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

გასულ წელს ლონდონმა და ვაშინგტონმა თავიანთ კომპანიებს აუკრძალეს „ჰუავეისთან” თანამშრომლობა. დიდ ბრიტანეთში მობილურ ოპერატორებს აეკრძალათ „ჰუავეის” ახალი, 5G-ის მოწყობილობების შესყიდვა. მათ ასევე დაევალათ, ამოიღონ ჩინური ფირმის ყველა ტექნოლოგია საკუთარი ქსელებიდან 2027 წლამდე. გადაწყვეტილება ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მიიღო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, აშშ-ის სანქციების შემდეგ.

2019 წლის მაისის შემდეგ, ამერიკულ კომპანიებს არ შეუძლიათ მიჰყიდონ ტექნოლოგია ჩინურ კომპანიას. სანქციების გამო, Google-მა „ჰუავეის” ანდროიდის სისტემაზე წვდომა შეუზღუდა, ახალი დიზაინის მობილურ ტელეფონებს კი არ აქვთ წვდომა აპლიკაციებზე, როგორიცაა Google Maps და YouTube.

2017 წელს, ჩინეთმა მიიღო ეროვნული დაზვერვის კანონი, რომელიც ყველა ჩინურ კომპანიასა და მოქალაქეს ავალდებულებს, მიმართვის შემთხვევაში, დაეხმარონ მთავრობას ეროვნული დაზვერვის საკითხებში.

შტატები ამტკიცებს, რომ ამ რეგულაციით, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს “ჰუავეი” და მისი 5G მოწყობილობები ჯაშუშობისთვის. ამერიკა, ასევე, “ჰუავეის” დამფუძნებლის სამხედრო წარსულზე მიუთითებს, რომელმაც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიაში 9 წელი გაატარა და ახლა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია.


ამასთან, “ჰუავეი” აცხადებს, რომ მისთვის არასდროს უთხოვიათ ჯაშუშობა და რომც ეთხოვათ, ასეთ მითითებას “კატეგორიულად არ დაემორჩილებოდა”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG