Accessibility links

logo-print logo-print

სოხუმში გააპროტესტეს ასლან ბჟანიას იდეა საქართველოსთან მოლაპარაკების ახალი ფორმატის შექმნის შესახებ


დე ფაქტო აფხაზეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა ოპოზიციურმა ძალამ, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „არუაამ“ (ომი), რომელიც ქართულ-აფხაზურ სამხედრო კონფლიქტში მონაწილე აფხაზ ვეტერანებს აერთიანებს, მოუწოდა სოხუმის ხელისუფლებას, საგარეო პოლიტიკის შესახებ ახალი კონცეფციიდან ამოიღოს პუნქტი საქართველოსთან მოლაპარაკების დამატებითი ფორმატის შექმნის შესახებ.

ოპოზიციური გაერთიანების მიმართვაში ნათქვამია, რომ ეს დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „საკუთარი კაბინეტში მშვიდად“ მიიღო.


„აფხაზეთი უშვებს შესაძლებლობას, შეიქმნას პირობები მრავალდონიანი მოლაპარაკებების ფორმატის შექმნისთვის საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რომლის ფარგლებშიც ქართულ მხარესთან ერთად განიხილება საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, რომელთა მოგვარება ვერ ხერხდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, კონცეფციაში, რომელიც 4 დეკემბერს გამოქვეყნდა.


სოხუმის ოპოზიციის აზრით, აღნიშნული პუნქტი, მისი განხორციელების შემთხვევაში, მეორე პლანზე გადაწევს ჟენევის დისკუსიას, რომელიც მედვედევ-სარკოზის შეთანხმების თანახმად 2008 წლიდან გრძელდება.

10-11 დეკემბერს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ჟენევაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდი იმართება.


საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების გარდა, დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ ასევე მომლაპარაკებლები დე ფაქტო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.


გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG