Accessibility links

site logo site logo

არჩილ თალაკვაძე: დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია


არჩილ თალაკვაძე

დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მისი კანდიდატურის კენჭისყრამდე დეპუტატებისადმი მიმართვაში. მიმართვა მან საპარლამენტო არჩევნების შეფასებისა და ოპოზიციის ბოიკოტის მიზანშეწონილობის საკითხზე საუბრით დაიწყო.

„2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა და ეს მიღწევა, ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკებების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა შეთანხმების შესაძლებლობა უნდა გამონახონ და სათანადოდ დააფასონ როგორც მოქალაქეების მიერ გამოხატული ნდობა, ისე მეგობარი ელჩების ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად.

„ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც 2 მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს და საარჩევნო ადმინისტრაციის ათასობით მოხელის, ასევე, ხაზგასმით ვამბობ - ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენლის მიერ, ხელმოწერით არის დადასტურებული. გთხოვთ, ამ საზოგადოებრივ მანდატს განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა წარვმართოთ მოქალაქეებისადმი დიდი პასუხისმგებლობით და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოებასთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. მას პარლამენტმა მხარი 86 ხმით დაუჭირა.

სხდომაზე კენჭი უყარეს ასევე თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურებსაც. პარლამენტის თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება. დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე მხარდაჭერა გია ვოლსკის, კახა კუჭავასა და დავით სერგეენკოს გამოუცხადეს.

ამ დროისათვის ვაკანტურად რჩება პარლამენტის თავმჯდომარის მეოთხე მოადგილის თანამდებობა, რომელსაც კანონის თანახმად ოპოზიცია იკავებს.

დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრება ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG