Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი" დეპუტატის მანდატებზე მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში იტყვის უარს


პოლიტიკური პარტია "გირჩი" ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს ერთპარტიული პარლამენტის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ფასილიტატორების ჩართულობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში შედეგს ვერ მიაღწევენ, პარტიის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის დეპუტატის მანდატებზე.

"გირჩის" შეფასებით, მეათე მოწვევის პარლამენტი, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა, ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი - 113 ადამიანი.

"ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრება ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაედასტურებინათ უარი პარლამენტის მანდატებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG