Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფიკ ჰარირის მკვლელობისათვის გაეროს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა „ჰიზბოლას“ წევრს


გაეროს ეგიდით მოქმედმა ტრიბუნალმა 11 დეკემბერს დაუსწრებლად მიუსაჯა ხუთი უვადო პატიმრობა ლიბანში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰიზბოლას“ წევრს 2005 წელს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობაში მონაწილეობისათვის.

სალიმ აიაში, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია, „მონაწილეობდა ტერორისტულ აქტში, რასაც შედეგად მოჰყვა მასობრივი მკვლელობა. მისი მონაწილოება გადამწყვეტი იყო ამ თავდასხმის წარმატებაში“, - ნათქვამია ლიბანის შესახებ ნიდერლანდში მოქმედი სპეციალური ტრიბუნალის 11 დეკემბრის განცხადებაში.

შიიტური დაჯგუფება „ჰიზბოლა“ უარყოფს რაფიკ ჰარირზე 15 წლის წინ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობას.

ჰარირი 2005 წლის 14 თებერვალს მოკლეს, როცა მის კორტეჟზე ბომბით იერიში განხორციელდა.

თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას კიდევ 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 226 დაიჭრა.

სუნიტი ჰარირი მხარს უჭერდა სირიისადმი მოწოდებებს, ლიბანიდან გაეყვანა ჯარები, რომლებიც იქ 1976 წლიდან იმყოფებოდნენ სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG