Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები ონლაინრეჟიმში მართავენ სამიტს კლიმატის პრობლემებზე


მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები ონლაინრეჟიმში აღნიშნავენ კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულების ხელმოწერის მეხუთე წლისთავს. მათ შორის არ არის შეერთებული შტატები.

„კლიმატური ამბიციების სამიტი“, რომელსაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გაერო მასპინძლობენ, შაბათს იმართება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია ინტერნეტით ხდება.

შეხვედრაზე გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურებსა და მთავრობის ხელმძღვანელებს, რომლებიც „კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი და ამბიციური ვალდებულებებით“ გამოვლენ.

პარიზის ხელშეკრულებით, რომელსაც 2015 წელს მოეწერა ხელი, მონაწილეებმა ვალდებულება იკისრეს, მიიღონ ზომები, რათა შეეცადონ, ტემპერატურის ზრდა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით ცელსიუსით 2 გრადუსზე დაბალი იყოს.

მაგრამ, როგორც გაერომ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე საუკუნეში ტემპერატურა 3 გრადუსზე მეტით გაიზარდოს.

აშშ, რომელზეც მოდის მსოფლიოში „სათბურის გაზების“ ემისიის დაახლოებით 15%, პირველი ქვეყანაა, რომელმაც გავიდა ხელშეკრულებიდან, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავრობამ ნოემბერში დატოვა ხელშეკრულება.

მანამდე სამი წლით ადრე ტრამპმა გამოაცხადა, რომ გავიდოდა ხელშეკრულებიდან.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის უკვე თებერვალში დააბრუნებს აშშ-ს პარიზის ხელშეკრულებაში და აშშ-ისთვის გამოაცხადა ნახშირბადის ნეიტრალიტეტი 2050 წლისთვის.

დღევანდელი სამიტის დაწყებამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ თავიანთ ქვეყნებში „კლიმატური საგანგებო ვითარება“ გამოაცხადონ კატასტროფული გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG