Accessibility links

logo-print logo-print

კარლ ჰარცელი განმარტავს, რაში დახარჯავს საქართველო ევროკავშირისგან მიღებულ 1,5 მილიარდ ლარს


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს ვიდეოინტერვიუს, სადაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი დეტალურად საუბრობს იმ ფინანსური დახმარების შესახებ, რაც საქართველომ მიიღო პანდემიის დროს „ევროპის გუნდისგან“ და განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, სადაც ამ თანხის დახარჯვაა განსაზღვრული.

კარლ ჰარცელის თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე ევროპის გუნდმა კოვიდ-19-თან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად შეძლო 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი - მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით. როგორც ელჩი ამბობს, ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მიმდინარე კრიზისის დროს საქართველოსადმი ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს.

„ჩვენი დახმარება ძირითადად ოთხ სფეროზე განაწილდება – თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას. მათ შორის, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას და მთავრობის სათანადო ფუნქციონირების ფინანსურ უზრუნველყოფას. ამ მიზნით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ჩავურიცხეთ საქართველოს.

მეორე, ევროკავშირის მხარდაჭერა მიმართულია ქართული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ხდება სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლად ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც ამ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ამ სფეროში ჩვენ ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების თითოეულ ამ ჯგუფს პირდაპირ მხარდაჭერას უწევენ.

გარდა ამისა, ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური მდგრადობისა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება. გამოვყავით თითქმის 250 მილიონი ლარი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშესაწყობად, აგრეთვე გრანტები ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სოფლის ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და პროფესიული განათლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მიზნები ჩვენთვის დავისახეთ და სწორედ მათ განხორციელებაზე ვმუშაობთ ახლა“.

ევროკავშირის ელჩის განმარტებით, გამოყოფილი თანხის ნაწილი მკაფიოდ განსაზღვრული კონკრეტული მიზნებისთვის დაიხარჯება - სამი ასეთი მიზანი, რაზეც კარლ ჰარცელმა ისაუბრა, ოჯახების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, პანდემიის პირობებში კომპანიების დახმარება იმისათვის, რომ მათ შეინარჩუნონ არსებული თანამშრომლები და კლინიკებისთვის რეანიმაციული საწოლების შეძენაა.

„ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ, თუ რას უნდა მოხმარდეს ჩვენი ფული. მაგალითად, „მდგრადობის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებაში“ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის დამატებითი მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიის მიერ პანდემიის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის სულ მცირე 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა. ეს არის ძალიან კონკრეტული მიზნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გვაქვს კონტროლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომლებსაც მომავალშიც გამოვიყენებთ“, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

გარდა ფინანსური დახმარებისა, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებისგან იღებს დახმარების სახით მნიშვნელოვანი რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობას.

ჰარცელის თქმით, ერთად, უკვე გადასცეს საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით ორი მილიონი ერთეული, მათ შორის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი, სასუნთქი აპარატები და წლის ბოლომდე შესაძლოა საქართველომ დახმარების კიდევ ერთი, დიდი პარტია მიიღოს.

„ვცდილობთ, დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს ცხრა ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვატარებთ ტრენინგებს უსაფრთხო მუშაობის წესებზე, სტრესთან გამკლავების საშუალებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით, თუ რა დატვირთვით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს და ყველა მათგანი ჩვენგან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს“, - ამბობს კარლ ჰარცელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG