Accessibility links

logo-print logo-print

ბრიტანეთი და ევროკავშირი შეეცდებიან, ბოლომდე გამოიყენონ მოლაპარაკებებისთვის დარჩენილი დრო


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.

13 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ბოლომდე გამოიყენონ დარჩენილი დრო და განაგრძონ ბრექსიტის შემდგომი პერიოდის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები.

„ჩვენ-ჩვენს წარმომადგენლებს დავავალეთ, განაგრძონ მოლაპარაკებები და ნახონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა ამ უკანასკნელ მომენტში მაინც,“ ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებაში.

შაბათს გვიან ღამემდე გაგრძელდა მოლაპარაკებები, მაგრამ მხარეებმა ვერ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ჯონსონი და ფონ დერ ლაიენი ადრე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს კვირისა.

ლონდონი მოითხოვს, რომ ბრიუსელთან შეთანხმება უნდა იყოს „პატიოსანი და ასახავდეს დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პოზიციას, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამი კვირის შემდეგ ქვეყანა სრულიად სუვერენული იქნება.“

2020 წლის დამდეგს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, მხარეები მთელ დროს უთმობენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მოგვარებას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთს არ უნდა მიენიჭოს უსამართლო უპირატესობა იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ევროკავშირში რჩებიან. ანუ მას არ უნდა შეუნარჩუნდეს ევროკავშირის შიდა ბაზარზე თავისუფალი წვდომა ისე, რომ ამავე დროს არ ექვემდებარებოდეს ევროპის მარეგულირებელ ორგანოებს.

ჯონსონისა და ფონ დერ ლაიენის აზრით, შეთანხმების გარეშე ბრექსიტი ყველაზე მეტად სავარაუდო შედეგია.

ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპას შორის ვაჭრობას, რამაც შეიძლება შოკის ეფექტი იქონიოს საფინანსო ბაზრებზე.

ბრიტანეთის პრესის თანახმად, მთავრობის წარმომადგენლებმა სუპერმარკეტებს სთხოვეს, საქონელი მოიმარაგონ სურსათის დეფიციტის შემთხვევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG