Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ოპოზიციამ დემონსტრაციები და მიტინგები გამართა მინსკსა და სხვა ქალაქებში


ბელარუსის ოპოზიციამ დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები და მიტინგები გამართა ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.

ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია გერმანიაში მართავს აქციას, რათა საერთაშორისო დახმარება მოუპოვოს ბელარუსის ოპოზიციას.

ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ, უკვე მეექვსედ, გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევენ არც დასავლეთის ქვეყნები.

მიუხედავად მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლებისა, ლუკაშენკა არ აპირებს დათმობაზე წასვლას. ერთადერთი კომპრომისი, რომელზეც მან ილაპარაკა, არის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის აუცილებლობა.

წინა შაბათ-კვირების საპროტესტო გამოსვლებისგან განსხვავებით, ამჯერად მინსკის ხელისუფალთ არ ჩაუკეტავთ მეტროს სადგურები და არც ინტერნეტის გათიშვაზე იტყობინებიან.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ თანახმად, ათობით ადამიანი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG