Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში დააკავეს საპროტესტო აქციების 300-მდე მონაწილე


საპროტესტო მსვლელობა მინსკში. 2020 წლის 13 დეკემბერი
საპროტესტო მსვლელობა მინსკში. 2020 წლის 13 დეკემბერი

ბელარუსში მილიციამ დააკავა საპროტესტო აქციების რამდენიმე ასეული მონაწილე. უფლებადამცველი ორგანიზაციის „Вясна“-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია 286 დაკავებულის შესახებ. უმრავლესობა მინსკში დააკავეს.

მინსკის შინაგან საქმეთა სამმართველოს ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი. მათ ბრალად ედება მასობრივი თავშეყრის კანონის დარღვევა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

13 დეკემბერს, ბელარუსში გაგრძელდა საპროტესტო მსვლელობები და მიტინგები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების და სამართალდამცავთა ძალადობის წინააღმდეგ. მინსკსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები შეიკრიბნენ საპროტესტო აქციებზე საერთო სახელწოდებით: „სახალხო ბრალდების მარში“.

ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უკვე მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG