Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის კომიტეტები პირველ სხდომებს გამართავენ


საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა. 2020 წლის 11 დეკემბერი

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტების პირველი სხდომები გაიმართება. 13:00 საათიდან დანიშნულია 15-დან 5 კომიტეტის სხდომა. ყველას დღის წესრიგი ერთნაირია - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და დებულების შემუშავება და დამტკიცება.

ამ პროცედურას დღეს გაივლიან საფინანსო-საბიუჯეტო, საპროცედურო საკითხთა და წესების, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტები.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, "კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო ერთი მოადგილის კანდიდატურისა – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს".

ოპოზიციას მეათე მოწვევის პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლმენტმა პირველი სხდომა 11 დეკემბერს გამართა. სხდომაზე აირჩიეს პარლამენტის სპიკერატი და კომიტეტების თავმჯდომარეები. მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა, 90 დეპუტატი ჰყავს „ქართულ ოცნებას“.

დანარჩენი 60 მანდატი მოიპოვა საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ. ოპოზიცია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში არ მონაწილეობს.

ბოიკოტის პარალელურად, ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას მართავენ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით. მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ამ კვირაში უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG