Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე დელიკატურს უწოდებს "სამართლიანი არჩევნების" შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხს


„დელიკატური თემაა გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას და კიდევ უფრო დელიკატურია თემა იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელშიც არის ჩადებული ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელის ფული და ეს არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი“, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ დადგეს „სამართლიანი არჩევნების“ ან მისი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი.

„თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, ვფიქრობ, რომ ასეთი სისხლისსამართლებრივი გამოძიება უნდა ჩატარდეს მინიმუმ ამერიკული მხარის ჩართულობით. სხვანაირად არა“, - განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 14 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ მოსთხოვა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, ორგანიზაციის მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების პარალელური დათვლა განახორციელა, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, გასწორების შედეგად კი, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა, სხვაობა გავლენას არ ახდენს მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

პარალელური დათვლის თავდაპირველი შედეგით, „ქართულ ოცნებას” ხმების 45.8% ჰქონდა, კორექტირების შემდეგ კი, 47.6% აქვს.

14 დეკემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორგანიზაცია არ თვლის, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG