Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის შეცდომა მარტივი არითმეტიკული ანალიზით აღმოაჩინა


პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) პარალელური დათვლის შედეგებში ხარვეზები აღმოაჩინა „მარტივი არითმეტიკული ანალიზით“.

მმართველი პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძეს ჰკითხეს, რა წყაროებით შეიტყვეს არსებული ხარვეზი, სანამ ეს ცნობილი გახდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებიდან.

ირაკლი კობახიძის თქმით, მან ჯერ კიდევ 8 ნოემბერს გააკეთა ცხრილი, სადაც ფიქსირდებოდა მინუსი ყველა პარტიასთან მიმართებით, რაც წარმოუდგენელი იყო და მინიმუმ უხეშ ხარვეზზე მიუთითებდა, მეორე დღეს კი პირველი საჯარო განცხადება გააკეთეს.

კობახიძის ინფორმაციით, 17 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც და შემდეგ, დეკემბერშიც, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე ხარვეზებს უარყოფდა.

ირაკლი კობახიძის თანახმად, 11 დეკემბრამდე, ანუ სანამ „სამართლიანი არჩევნები“ ხარვეზს საჯაროდ დაადასტურებდა, ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე ეს საკითხი დააყენეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს იყო არა უხეში შეცდომა, არამედ მანიპულაცია. კობახიძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გახდა „სამართლიანი არჩევნები“ იძულებული, ხარვეზის შესახებ ინფორმაცია გაესაჯაროებინა.

ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რომ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთა ვარაუდით, მათ უსმენდნენ და მმართველმა პარტიამ ინფორმაცია ამ გზით მიიღო, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „თქვენ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ მე ვიცი არითმეტიკა, განსხვავებით ელენე ნიჟარაძისგან“. კობახიძის ინფორმაციით, ელჩებსაც არითმეტიკული გაანგარიშებით დადგენილი ციფრები აჩვენეს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების პარალელური დათვლა განახორციელა, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, გასწორების შედეგად კი, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა, სხვაობა გავლენას არ ახდენს მიღებული მანდატების რაოდენობაზე. პარალელური დათვლის თავდაპირველი შედეგით, „ქართულ ოცნებას” ხმების 45.8% ჰქონდა, კორექტირების შემდეგ კი, 47.6% აქვს.

დღეს, 14 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ მოსთხოვა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, ორგანიზაციის მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“.

14 დეკემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორგანიზაცია არ თვლის, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG