Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარაუდობენ, რომ რუსი ჰაკერების გლობალური კიბერთავდასხმა აშშ-ის სამთავრობო ქსელებსაც შეეხო


სავარაუდოდ რუსი ჰაკერები შეიჭრნენ აშშ-ის მთავრობის - მათ შორის, ფინანსთა და ვაჭრობის დეპარტამენტების - ქსელებში, რაც ნაწილი იყო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე გლობალური კიბერდაზვერვის კამპანიისა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სხვა მთავრობებს და მსხვილ კორპორაციებსაც შეეხო.

ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ჯონ ულიოტმა 13 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მთავრობა "ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს ამ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო საკითხის ამოსაცნობად და გამოსასწორებლად".

კიბერთავდასხმაზე ინფორმაცია პირველად სააგენტო როიტერსმა გაავრცელა. საკითხში გარკვეული ოფიციალური პირების თქმით, ჰაკერების სამიზნე იყო ფინანსთა და ვაჭრობის დეპარტამენტების სააგენტო, რომელიც საინტერნეტო და ტელეკომუნიკაციების პოლიტიკაზე იღებს გადაწყვეტილებებს. არის შეშფოთება, რომ შეტევა ასევე შეეხო სხვა სამთავრობო სააგენტოების ქსელებს.

როიტერსი და ვაშინგტონ პოსტი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ, რომ გავრცელებული ვარაუდით, თავდასხმის უკან რუსეთის სამთავრობო ჰაკერები არიან. თავდასხმები, რომლებიც ასევე მოიცავდა ჰაკერების მხრიდან სააგენტოების ელექტრონულ მიმოწერაზე დაკვირვებას, შესაძლოა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მათ შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

ამ განცხადებებამდე აშშ-ის კიბერუსაფრთხოების კომპანია FireEye-მა 8 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მის ქსელში შეიჭრა "ქვეყანა თავდასხმის უმაღლესი შესაძლებლობებით". კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე ბევრი ექსპერტი ამ თავდასხმაშიც რუსეთის ჰაკერების მონაწილეობას ვარაუდობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG