Accessibility links

logo-print logo-print

ირანელი დისიდენტის სიკვდილით დასჯის "უსამართლო და ბარბაროსული" აქტი საერთაშორისო აღშფოთებას იწვევს


რუჰოლა ზამი

14 დეკემბერს საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო ხმამაღლა დაგმო ირანის მიერ ოპოზიციონერი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის აქტი - ჟურნალისტის, რომლის საინტერნეტო სტატიებმა ბიძგი მისცა 2017 წლის ანტისამთავრობო გამოსვლებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამ აქტს უწოდა "უსამართლო" და "ბარბაროსული".

47 წლის ჟურნალისტი, რუჰოლა ზამი, რომელიც უწინ საფრანგეთს აფარებდა თავს, 12 დეკემბერს ჩამოახრჩეს. სასამართლომ ჟურნალიტი დამნაშავედ ცნო „მიწიერი კორუფციისათვის“, ირანის სისხლის სამართლის კოდექსში ყველაზე უფრო გავრცელებული მუხლით, რომელიც ფიგურირებს ჯაშუშობისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობის თითქმის ყველა საქმეში.

ზამი პატიმრობაში იყო მას შემდეგ, რაც დაზვერვის ადგილობრივმა სამსახურებმა ის, გავრცელებული ვარაუდით, 2010 წელს შეიპყრეს, როცა მეზობელ ერაყში მოგზაურობდა. სიკვდილით დასჯა მას ივნისში მიუსაჯეს პროცესზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" უწოდა "უკიდურესად უსამართლო".

პომპეოს თქმით, აშშ "მკაცრად გმობს ირანის მიერ რუჰოლა ზამის უსამართლოდ, ბარბაროსულად სიკვდილით დასჯას - ირანელი ჟურნალისტის, რომელიც რეჟიმმა საზღვარგარეთ მოიტაცა". პომპეო ტვიტერზე წერს, რომ "ზამმა გამოააშკარავა სისასტიკე და კორუმპირებულობა რეჟიმისა, რომელმაც დახოცა ან დააპატიმრა 860-ზე მეტი ჟურნალისტი, თავისი ტერორით 41-წლიანი მმართველობის პერიოდში"

პომპეოს გარდა, ჟურნალისტის სიკვდილით დასჯა ბევრმა დაგმო საერთაშორისო საზოგადოებაში. მანამდე გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ "თავზარდაცემულია" სიკვდილით დასჯის აქტით და თეირანს მოუწოდა შეაჩეროს სიკვდილით დასჯის გამოყენების "შემაშფოთებელი და მზარდი" ტენდენცია. "მისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი და ჩამოხრჩობა ემბლემატურია იძულებით მიღწეული აღიარებებისა, რომლებსაც წამებით აღწევენ და შემდეგ სახელმწიფო მედიით გადასცემენ, როგორც ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანის საფუძველს" - ამბობს ბაჩელეტი განცხადებაში.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ზამის სიკვდილით დასჯა კანონს ემყარებოდა და რომ ირანში სასამართლო დამოუკიდებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG