Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია საახალწლო კონცერტში 491 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

თბილისის მერია 2021 წლის შესახვედრი საახალწლო ღონისძიებას ჩაატარებს, რაც 491 ათასი ლარი დაჯდება. მომსახურებას უწყება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძენს.

"სახალხო დღესასწაულებისადმი, მათ შორის ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება", - ასე ხსნის მერია ღონისძიების ჩატარების მიზეზს.

მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში განმარტავს, რომ კონცერტი მაყურებლის გარეშე ჩატარდება და "ნახვის საშუალება საზოგადოებას პირდაპირი ეთერის მეშვეობით ექნება".

"კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ტერასებიდან. ჩართვებში გამოჩნდებიან რიგითი მოქალაქეებიც და ე.წ. ცნობადი სახეები", - აღნიშნავს მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი, ტერასებიანი სახლი. აივნებზე, ტერასებზე, ფანჯრებიდან შესრულდება მუსიკალური ნომრები პირდაპირ ეთერში. პარალელურად, იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა უბნებიდან, ქალაქებიდან სხვადასხვა შემსრულებლების ტერასებიდან, აივნებიდან და ფანჯრებიდან.

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი მოძრაობს და საშვების გარეშე ქუჩებში გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია. გამონაკლის იქნება ახალი წლის ღამეს, თუმცა, როგორც მერიამ განმარტა, მოქალაქეები ვერც კონცერტზე მივლენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG