Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის პარალელურად გამართულ აქციაზე აქტივისტები დააკავეს


ბათუმში პირველ სხდომაზე შეიკრიბა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭო. მას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. ამ შინაარსის განცხადებას დღეს ხელი მოაწერეს ბლოკიდან "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" არჩეულმა დეპუტატებმა.

საბჭოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს 4 აქტივისტი. აჭარის პოლიციის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ისინი არ დაემორჩილნენ საბჭოს შენობის ღობიდან ჩამოსვლის მოთხოვნას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან, საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა. დეპუტატებმა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილება ცნეს.

უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად. 21-წევრიან საბჭოში 14 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და 7 ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG