Accessibility links

site logo site logo

დეკანოიძე ვაშაძეზე: „ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის“


ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის ფაქტზე ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს. მასში იგი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ პარტიასა და თავმჯდომარეს შორის ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა:

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა.

ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის. თუმცა, ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ”, - წერს ხატია დეკანოიძე.

მოგვიანებით მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ:

„არ მინდა ვიყო მკვახე, მაგრამ აუცილებელია ვიყო გულწრფელი და მე მიმაჩნია, რომ ეს ეხლა ამ ეტაპზე არის აუცილებელი: გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დღეს დილით გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუკით“ აცნობა საზოგადოებას, რომ ის ტოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას".

„უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად“, - წერდა გრიგოლ ვაშაძე „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

ვაშაძის თანახმად, პარტიამ ბევრს მიაღწია, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად ვერ შეეგუება:

"არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.

შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას", - დაწერა გრიგოლ ვაშაძემ ვრცელ პოსტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG