Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი 23 დეკემბერს გადადგება


დონალდ ტრამპი და უილიამ ბარი (მარჯვნივ)

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი 23 დეკემბერს გადადგება. ამის შესახებ წუხელ გამოაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან ტვიტერში გამოაქვეყნა ბარის წერილი გადადგომის თაობაზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვდა ბარს და მას მადლობა გადაუხადა „შესანიშნავი მუშაობისთვის“.

ეს ცნობა გავრცელდა სულ რამდენიმე წუთში მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ამომრჩეველთა კოლეგიამ დაამტკიცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მეტოქის, ჯო ბაიდენის გამარჯვება.

უკანასკნელ ხანებში ტრამპი აკრიტიკებდა ბარს, მისი თქმით, არასაკმარისი სურვილისთვის, გამოეძიებინა მოქმედი პრეზიდენტის შტაბის განცხადებები არჩევნების გაყალბების თაობაზე. ტრამპისადმი წერილში ბარმა დაწერა, რომ ბრალდებებს „გამოიძიებენ“, მაგრამ დეტალები არ უხსენებია.

გასულ კვირაში გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა ნოემბრის არჩევნების ფალსიფიკაციის რაიმე ნიშანი. ამ განცხადებამ ტრამპის რისხვა გამოიწვია.

ამასთან, დემოკრატები უილიამ ბარს ადრე ადანაშაულებდნენ მიკერძოებულობაში - კერძოდ, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების ტრამპისთვის სასურველ ინტერპრეტაციაში.

ტრამპმა განაცხადა, რომ ბარის გადადგომის შემდეგ მის ფუნქციებს გადაიბარებს გენერალური პროკურორის მოადგილე ჯეფრი როზენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG