Accessibility links

logo-print logo-print

სუბარი: ყველას ვპირდებოდი - სადაც შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია, დავეხმარებით დაკანონებას


სოზარ სუბარი

აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟს გამოეხმაურა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი.

„არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა, სადაც მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს - სადაც შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია, გავაკეთებთ, დავეხმარებით დაკანონებას. არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები, ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს იქ ზრდიან, ხეხილი დარგული აქვთ, ვპირდებოდით, რომ ყველგან მაქსიმალურად დავეხმარებოდით. თუმცა ამ ადამიანებს შორისაც იყო ხალხი, რომელიც მეუბნებოდა: „მაქვს 1400 კვ. შემოღობილი“, „მაქვს 1800 კვ. შემოღობილი“. ასეთ ადამიანებს, ყველას ვეუბნებოდი, რომ მე ვერ დაგპირდებით, რომ ამ ფართობის მიწის ნაკვეთის თბილისში (შესაძლოა, ცენტრში არა, თუმცა გარეუბანში) დაკანონებაში მოგეხმარებით. მინიმუმი საცხოვრებელი რომ გქონდეთ, ამაში დაგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას. ადამიანები, რომლებმაც ბოლო 2-3 თვეში ააშენეს სახლები და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი...“, - თქვა სოზარ სუბარმა.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაკავებულია 8 პირი, მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG