Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე იყო ქართულ პოლიტიკაში განსხვავებული ხელწერის ადამიანი


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის გადადგომას გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. სწორედ ის ხელმძღვანელობდა გრიგოლ ვაშაძის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს.

„ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მხრიდან, მეორე პოლიტიკური პარტიის ლიდერთან დაკავშირებული შეფასებები შეიძლება არასწორი იყოს, მაგრამ გრიგოლ ვაშაძე ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, ბევრი წელი მაკავშირებს მასთან. ვფიქრობ, რომ ის იყო ქართულ პოლიტიკაში განსხვავებული ხელწერის მქონე ადამიანი და პატივი უნდა ვცეთ მის განსხვავებულ აზრსა და მის გადაწყვეტილებას. არასწორი მგონია, თუ ვინმე თავს ესხმის მას ამ გადაწყვეტილების გამო, ჩემი აზრით, ეს უკულტურობის ნაწილია. ყველას აქვს საკუთარი მოსაზრება და აზრი.

რაც შეეხება, რას მოიტანს პარტიაში, ეს „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ჰკითხოთ. ეს რომ გაძლიერება არ არის, ფაქტია, დანარჩენი თვითონ უნდა გადაწყვიტონ. არ მგონია, რომ ამან საერთო ოპოზიციურ ფორმატზე იქონიოს გავლენა. ის იყო მნიშვნელოვანი მონაწილე მოლაპარაკებები პროცესში და მე იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად ამ აქტისა, მოლაპარაკებები გაგრძელდება, ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ.

რაც შეეხება მიზეზებს, მან დაასახელა არგუმენტები და ამ არგუმენტებში პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი ნამდვილად არ ყოფილა", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

დღეს დილით გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუკით“ აცნობა საზოგადოებას, რომ ის ტოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას".

ვაშაძის თანახმად, პარტიამ ბევრს მიაღწია, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად ვერ შეეგუება:

"არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.

შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას", - დაწერა გრიგოლ ვაშაძემ ვრცელ პოსტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG