Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე აფრიკის დასახლების შესახებ: ეს არის ჩვენი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ქონება


კახა კალაძე
კახა კალაძე

აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევის შემდეგ ბრიფინგი გამართა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ის აცხადებს, რომ მისი მერობის დროს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების გატაცება-მოპარვა წახალისებული ვერ და არ იქნება. მერი მიუთითებს, რომ მოქალაქეები, რომლებსაც მშენებარე სახლები დაუნგრიეს, ქონებას რეგიონებში ფლობენ.

„ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომლებსაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე, ზოგს სხვის სახელზე უფიქსირდება ქონებები, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში, სახელმწიფო მიწებზე. ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის, თითოეული თქვენგანის ქონება. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა“, - თქვა კალაძემ.

თბილისის მერი, ასევე, გამოეხმაურა პოლიტიკურ ოპონენტებს და განაცხადა: „გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო განცხადებებს, უფრო მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, რომ თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და დატოვა ღია ცის ქვეშ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული. ეს იყო მშენებარეები და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები".

როგორც კახა კალაძე ამბობს, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით შვიდ მილიონ ლარს.

„ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ადამიანებს, ასეთ ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც არ გააჩნია საცხოვრებელი, გაგვყავს ქირით. რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებთ ამ პროგრამის განხორციელებას“, - აღნიშნა მან.

თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 350 მილიონი იქნება 2021 წლის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გამოყოფილი.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არცერთი ადამიანი პრობლემების პირისპირ არ დავტოვოთ“, - დაამატა დედაქალაქის მერმა.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რაც ქ მცხოვრებმა მოსახლეობამ გააპროტესტა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაკავებულია 8 პირი, მათ ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარრვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG