Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენის გამარჯვება აღიარა სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა


სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკკონელმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა დემოკრატ ჯო ბაიდენს.

15 დეკემბერს, სენატში გამოსვლისას მაკკონელმა განაცხადა, რომ მილიონობით ამერიკელს საპრეზიდენტო არჩევნების სხვა შედეგით დასრულება სურდა, თუმცა, საარჩევნო სისტემამ განსაზღვრა, ვინ დადებს 20 იანვარს პრეზიდენტის ფიცს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა კამალა ჰარისსაც მიულოცა ვიცე-პრეზიდენტად არჩევა და განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამერიკელებს შეუძლიათ იამაყონ, რომ ქვეყანამ პირველად აირჩია ქალი ვიცე-პრეზიდენტი.

არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სასამართლო დავების ფონზე, მიტჩ მაკკონელი თავს არიდებდა არჩევნების წინასწარი შედეგების საფუძველზე ჯო ბაიდენის გამარჯვების აღიარებას.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ბაიდენი პრეზიდენტად აღიარა მას შემდეგ რაც 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ გამოაცხადა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები. ჯო ბაიდენმა კოლეგიის 306 წევრის ხმა მიიღო. დონალდ ტრამპმა კი - 232. ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.

საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგები 6 იანვარს უნდა დაამტკიცოს აშშ-ის კონგრესმა. მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ არჩევნების შედეგი სადავოდ აქციონ.

გამოცემა The New York Times-ი და ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მიტჩ მაკკონელი კოლეგა რესპუბლიკელ სენატორებს არწმუნებს, რომ თუ წარმომადგენელთა პალატის წევრი თანაპარტიელები არჩევნების შედეგის გაპროტესტებას გადაწყვეტენ, ამას სენატში მხარი არ უნდა დაუჭირონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG