Accessibility links

logo-print logo-print

აფრიკის დასახლების მცხოვრებლები ბინების დაკანონებას და დაკავებული პირის გათავისუფლებას ითხოვენ


თბილისის აფრიკის დასახლების, კორნელი სანაძის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებსაც სახლები დაკანონებული არ აქვთ, სამგორის გამგეობასთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ბინების დაკანონება და მათთვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემაა.

"როცა ადამიანი იძახის, რომ თავშესაფარში მოვიდეს - რა გული უშვებს, როცა ადამიანს ასე ცინიკურად ეუბნები", - თქვა აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ, დაკავებული პირის გათავისუფლებაა. ის გუშინ პოლიციამ უკანონო ნაგებობების დანგრევის პროცესში დააკავა.

გუშინ დაპირისპირების დროს პოლიციამ სულ 13 პირი დააკავა. მათგან 12 წინააღმდეგობის გაწევისთვის, ერთი კი სისხლის სამართლის კოდექსით. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები პოლიციამ გუშინვე გაათავისუფლა.

აფრიკის დასახლებაში არარეგისტრირებული 12-მდე სახლი თბილისის მერის დავალებით დაანგრიეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლები სოციალურად დაუცველებს ეკუთვნით.

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ სახლების დიდი ნაწილი, რომლებიც კორნელი სანაძის ქუჩას ორივე მხარეს მიუყვება, კანონის გვერდის ავლით, სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზეა აშენებული. დასახლებაში, სადაც ატალახებული გზა მიდის, ბულდოზერმა, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში იმუშავა. დემონტაჟის პროცესს რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG