Accessibility links

site logo site logo

მთავრობას აინტერესებს, რა პასუხისმგებლობას იღებენ მოლები 24 დეკემბრიდან გახსნის შემთხვევაში


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უახლოეს დღეებში შეხვდება სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებს იმის გასარკვევად, რა პასუხისმგებლობას იღებენ 24 დეკემბრიდან, ამ ობიექტების გახსნის შემთხვევაში და როგორ მართავენ ხალხის ნაკადს როგორც მოლების ტერიტორიაზე, ასევე, გარეთ. ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ წერტილოვანმა შეზღუდვებმა მოიტანა პირველი მოკრძალებული შედეგი და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნები, რასაც გაფრთხილება სჭირდება. თურნავას განცხადებით, მობილობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ სამედიცინო სექტორმა სული მოითქვა, პაციენტებს უფრო მშვიდად ემსახურება და მთავრობას ეს მონაპოვარი არ ეთმობა:

„ამ დღეებში, პრემიერ-მინისტრის დავალებით მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან და ვისაუბრებთ, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, არ დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება და მონაპოვარი წყალში არ ჩაგვეყაროს“.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატების გამო, საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიკეტა დიდი სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და მაღაზიები, რომლებიც არ ვაჭრობენ სურსათით, ან საყოფაცხოვრებო ქიმიით და ჰიგიენის საშუალებებით.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გეგმა ითვალისწინებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების შემსუბუქებას და ამ ობიექტების გახსნას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ნოემბრის ბოლოს დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვების გამო, მათ ბიზნესს სრული კოლაფსი ემუქრება და ობიექტების 15 დეკემბრიდან გახსნა ითხოვეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ხანს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი აღარ იზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG