Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს კიდევ 113.9 მილიონ დოლარს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის(სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა, რის შემდეგაც საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 113.9 მილიონი აშშ დოლარი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ეს საქართველოს დაეხმარება COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილი საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებების მოგვარებასა და ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში. სსფ-ის პრესრელიზის თანახმად, „ამ ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები დაახლოებით 585.4 მილიონი დოლარი იქნება“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, ტაო ჟენგის განცხადებით, „პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად შენელდა. პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით შეკავების მიუხედავად, შემთხვევების ბოლოდროინდელმა ზრდამ ახალი ზომების მიღება მოითხოვა, რამაც აღდგენის პროცესი შეიძლება შეასუსტოს. რისკები დიდია და მეტწილად, ნეგატიური“.

მისივე შეფასებით, „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად ზომიერად მკაცრი მონეტარული პოზიცია სათანადოდ შეინარჩუნა და ამასთან, გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყო. ინფლაციური წნეხი შემცირდა, რადგან სხვაობა პოტენციურ და ფაქტიურ გამოშვებას შორის გაიზარდა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დასტაბილურდა. ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზანთან დასაახლოებლად შესაძლოა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. ეკონომიკის აღდგენამდე ფინანსური რისკების პროაქტიული მონიტორინგი და საბანკო კაპიტალის შენარჩუნებაზე მიმართული ქმედებები ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს“.

ტაო ჟენგის განცხადებით, სტრუქტურული რეფორმების დამაჯერებელი განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური აღმავლობის ხელშესაწყობისა და პანდემიის შოკით გამოწვეული დანაკარგის შესამცირებლად: „ინვესტიციების მობილიზება, განათლების რეფორმის შემდგომი განხორციელება, გადახდისუუნარობის ახალი ჩარჩოს განხორციელება, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სასამართლო რეფორმები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს და ხელს შეუწყობს ზრდას, სადაც წამყვანი კერძო სექტორი იქნება“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს, საქართველოში ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 4.3%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG