Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა საბოტაჟის შესახებ კანონპროექტზე: შინაარსი ანტიკონსტიტუციურია და პარტიების მეტად კონსოლიდირებას გამოიწვევს


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, პარტიებისათვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადება სამარცხვინო იყო, ხოლო სიტყვა საბოტაჟი ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელორუსთან და პუტინის რუსეთთან აახლოვებს:

„ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა, ეს იყო საბოტაჟი და ეს სიტყვა სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელორუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არც თუ ისე სახარბიელოა და ღირსეული იქ, სადაც დაიკავებს ივანიშვილის რეჟიმი ადგილს", - განაცხადა გიგი უგულავამ. მისი შეფასებით, საბოტაჟის შესახებ კანონპროექტის შინაარსი ანტიკონსტიტუციურია და იგი საბოლოო ჯამში პარტიების კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირებას გამოიწვევს:

„არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვნებისათვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვანს უკვე დეფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე. პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს. პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში და ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილის სტკივა თავის გაყალბება, ივანიშვილი წუხს თავის გაყალბებაზე, ივანიშვილი ბორგავს თავისი გაყალბებულის გამო, ივანიშვილი შფოთავს და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგებს ატარებინებს თავის შიკრიკს და მონას”, - განაცხადა გიგი უგულავამ, რომლის თქმითაც ოპოზიციის გეგმა უცვლელია.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ, 16 დეკემბერს, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული.

ირაკლი კობახიძის თანახმად, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG